8-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაკურიანში, კოხტას საბაგირო პირველად ამოქმედდა. კოხტას ტრასის საერთო სიგრძე 3 კილომეტრი და 100 მეტრია. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური საბაგირო შუალედური სადგურით, რაც საშუალებას აძლევს პროფესიონალ მოთხილამურეებს ისრიალონ ზედა, ხოლო დამწყებ მოთხილამურეებს ქვედა სასრიალო ტრასაზე.
კოხტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აგრეთვე სხვა სამთავრობო და ბიზნეს-სტრუქტურების ხელმძღვანელმა პირებმა.
საპატიო სტუმრებმა საბაგიროს მეშვეობით შუალედურ სადგურამდეც იმგზავრეს, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებული იყო მოლბერტები ბაკურიანის სამომავლო საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციებით. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბაკურიანში სასტუმროებისა და სხვა სახის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავენ, გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის სხვა წევრებს თავიანთი პროექტები გააცნეს.
ბაკურიანში გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის სხვა წევრებმა, ვიზიტის დასასრულს, დააჯილდოვეს სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის პირველი ეტაპის გამარჯვებულები.