საანგარიშო შეხვედრაზე სკოლის საქმიანობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ,,გზა წარმატებისაკენ“ პრეზენტაცია გაიმართა, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ სახელმწიფო ენის ინსტრუქტორები და სერტიფიკატები გადაეცათ 2015 წლის მეხუთე ნაკადის საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულებს.
2015 წელს სკოლამ მოახდინა არსებული შიდა რეგულაციების ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სერტიფიკატთან შესაბამისობაში მოყვანა. ღონისძიების ფარგლებში სკოლას გადაეცა ISO 9001:2008 ხარისხის სერტიფიკატი.
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც ორიენტირებულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზე, 2014 წლიდან განაახლა ფუნქციონირება. სკოლის სამიზნე ჯგუფს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონები წარმოადგენს. სამიზნე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესი სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. 2014-2015 წლებში სახელმწიფო ენის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 2000 საჯარო მოხელე, ხოლო საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში 400 საჯარო მოხელე.
სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უთმობს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.
დარგობრივი კურსების პარალელურად, სკოლის 8 რეგიონალურ სასწავლო ცენტრში (დმანისი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო ენის საბაზისო კურსი ხორციელდება, რომლის მიზანია, მსმენელებს შეასწავლონ - სახელმწიფო ენის საფუძვლები, ქართულად წერა, კითხვა, ლაპარაკი, ტექსტური შეტყობინებების მომზადება, საქმისწარმოების მიზნით, წერილებისა და დოკუმენტების შედგენა.