საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კიდევ ერთხელ მიულოცა პედაგოგებს ახალი წელი ამჯერად, წარმატებული მასწავლებლის ოჯახიდან. დღეს, მინისტრი კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს მიხეილ გაბესკირიას სახლში ეწვია, პირადად მიულოცა ახალი 2016 წელი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.
მიხეილ გაბესკირიამ თავად დაამთავრა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და ასპირანტურა, არის ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი. იგი წლების მანძილზე ნაყოფიერ მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2011 წლიდან კი, კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე ფიზიკა–მათემატიკური სკოლის პედაგოგია. მიხეილ გაბისკირიას მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ როგორც ეროვნულ ისე, საერთაშორისო ოლიმპიადებში, საიდანაც გამარჯვებულები ბრუნდებიან. ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის თამარ სანიკიძემ მადლობა გადაუხადა მიხეილ გაბესკირიას და მომავალი წარმატებები უსურვა მას.
.