საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეხვედრაზე შედარებით მეტი კითხვა პროფესიული განვითარების ახალ სქემასთან დაკავშირებით დაისვა, რაზეც აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სასკოლო პროექტებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და სურვილები გამოეთქვათ.
პანკისელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრები, მათი საქმიანობის გაცნობა, იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ ამ ულამაზეს ხეობას, ჰყავს უაღრესად ღირსეული, ძლიერი და სიახლეზე ორიენტირებული პედაგოგთა კორპუსი და ნიჭიერი მოსწავლეები. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასულ წელს ხეობის სკოლების მიერ წარმოდგენილი ყველა სასკოლო პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა, წარმატებით განხორციელდა და ასევე წარმატებით გაგრძელდება მომავალშიც.