დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტს ეწვია, რომელიც ერთ-ერთი სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც სამინისტროს მხარდაჭერით ძირეული, მათ შორის ინფრასტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება. სამინისტროს დაფინანსებით, დაწესებულებაში განხორციელდა ისეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მსგავსიც ინსტიტუტში დაარსების შემდეგ არ ჩატარებულა.
სამეცნიერო ბაზის მოწესრიგების და განახლების პარალელურად, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში წლების განმავლობაში არსებული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელი გახდა 2015 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად. ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრება კვლევითი ერთეულების იურიდიული სტატუსი, აღდგება კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის და გაძლიერდება სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის როლი.
კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, შესაბამისად, ეს პროცესიც ინტენსიურად მიმდინარეობს.