საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. კოლეჯში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ინფრასტრუქტურის ადაპტირების პროცესი მიმდინარეობს, რაც არსებული ფიზიკური გარემოს ყველასათვის ხელმისაწვდომობის პრინციპით მოწყობას ითვალისწინებს. კერძოდ, იგეგმება შემდეგი კონკრეტული კომპონენტების მოწყობა: პანდუსი, ადაპტური სველი წერტილი, სენსორული ბილიკები, მოაჯირები, კიბეების და მოაჯირების მარკირება, ზონების კონტრასტული გამოყოფა, სახელურები, კარები და სხვა.
2013 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში „ინკლუზიური განთლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლების და გადამზადების სისტემაში“, რომელიც ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია განხორციელდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ინტეგრაცია/ადაპტაცია საზოგადოებაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს.
კოლეჯში შექმნილია ინკლუზიური პროფესიული განათლებისათვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, რომელშიც ჩართულია ორი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ერთი სსსმ პირის ასისტენტი და სამი ჟესტური ენის თარჯიმანი, საჭიროების შემთხვევაში პროცესში შესაძლებელია ასევე ჩაერთოს სივრცითი ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს უსინათლო სტუდენტისთვის გზის დასწავლას და მომზადებას ქალაქში დამოუკიდებელი გადაადგილებისათვის და სპეციალური ასისტენტი - მძღოლი ეტლით მოსარგებლე სტუდენტისათვის. სტუდენტთათვის კეთილგანწყობილია სოციალური გარემო, ისინი უზრუნველყოფილნი არიან მათთვის საჭირო სასწავლო რესურსებით. ამ ეტაპზე კი, მთელი შენობის უნივერსალური დიზაინით მოწყობა მიმდინარეობას.
2013 წლიდან ეტაპობრივად იზრდება საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა რაოდენობა. 2015 წლის საშემოდგომო მიღებაზე კოლეჯში „მერმისი“ 14 პროფესიულ პროგრამაზე 33 სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი ჩაირიცხა.