ფორუმის დამაარსებლის, ყოფილი განათლების მინისტრის ჩარლზ კლარკის განცხადებით, ფორუმის ძირითადი მიზანია შეკრიბოს მინისტრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა განიხილონ ის საერთო პრობლემები, რაც მათ აწუხებთ და ერთმანეთს ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარონ. 2016 წლის ლონდონის ფორუმზეც განხილული იქნა განათლების სფეროს ის პრობლები, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაშია და რომელთა გადაჭრის გზების ძიებაც, მოითხოვს საერთო ძალისხმევას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი სტანდარტების დანერგვას.
ფორუმზე განხილვის მთავარი თემები იყო - ხარისხიანი განათლება, მოსწავლეებში აუცილებელი უნარების განვითარება, წიგნიერების დონის ამაღლება, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება, სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეროვნული სასწავლო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დახვეწა და სხვ.
“ის პროგრამები, რომელიც ჩვენ საქართველოში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დავიწყეთ სრულ თანხვედრაშია იმ ძირითად მიმართულებებთან, რომელზედაც ასე აქტიურად საუბრობენ” – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ფორუმის მუშაობასთან დაკავშირებით.