საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო - კოლეჯში სტუდენტური საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს რეაბილიტაციისა და უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებელი და სასტუმრო მოემსახურება სტუდენტებს რეგიონებიდან და ასევე, სოციალურად დაუცველ პროფესიულ სტუდენტებსაც, აქ იცხოვრებენ ასევე გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უცხოეთიდან ჩამოსული პროფესორები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სურვილის შემთხვევაში, საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებიც. აღსანიშნავია, რომ კოლეჯის საერთო საცხოვრებელი და სასტუმრო ისეთი უნივერსალური დიზაინით კეთდება, რაც აქამდე მსგავს შენობებში არსად განხორციელებულა, აქ შშმ პირებს სრულიად დამოუკიდებლად და კომფორტულად შეეძლებათ სართულებზე ასვლა და სივრცეში გადაადგილება.
სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული სასწავლო ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროცესი.