წლების განმავლობაში განსაზღვრული არ იყო მეცნიერთა სტატუსი, მათი უფლება-მოვალეობები, ისინი ვერ მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების მართვასა და სასწავლო პროცესში. შეზღუდული იყო მკვლევართა მონაწილეობა თვით მომავალი მეცნიერების აღზრდის პროცესში. საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის შედეგად გადაიჭრება ზემოთ აღნიშნული პრობლემები. კერძოდ, მოხდება: სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების იურიდიული სტატუსის განსაზღვრა, საკანონმდებლო დონეზე კვლევითი დაწესებულებების სტრუქტურისა და ფუნქციონირების მექანიზმის მოწესრიგება, უნივერსიტეტებში მეცნიერთა სტატუსის აღდგენა, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის აღდგენა და სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შეფასების სისტემის ამოქმედება. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები - ერთობლივი აკადემიური ხარისხის ცნების შემოტანით და უნივერსიტეტის დეფინიციის დაზუსტებით - ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა, ასევე სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა კონფერენციის სხვა მონაწილეებთან ერთად, იმსჯელეს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათი იმპლემენტაციისთვის საჭირო ნაბიჯებზე. ერთობლივად განისაზღვრა ამა თუ იმ აქტივობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები, პირები და შესაბამისი ვადები. კონფერენციაზე განიხილეს კონკრეტულ აქტივობასთან დაკავშირებული კონცეპტუალური და პრაქტიკული საკითხები, ჩამოყალიბდა ყველა მხარისთვის მისაღები საერთო მიდგომები.