სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში ადრეული რეგისტრაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ადრეული რეგისტრაციის ფარგლებში, სტუდენტები, რომლებიც მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 15 მარტამდე შეიტანენ საბუთებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებით გაივლიან შერჩევის პროცესს, პირობითად ჩაირიცხებიან SDSU-ში და ავტომატურად მიიღებენ ნაწილობრივ დაფინანსებას უნივერსიტეტისაგან.
პრეს-კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილემ ფატიმა სუმარიმ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანმა კენ უოლშიმ წარმართეს.
პრეზენტაციაზე ასევე გამოცხადდა ახალი საბაკალავრო პროგრამის დაწყების შესახებ კომპიუტერულ მეცნიერებებში. 2016 სასწავლო წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს შესთავაზებს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.