საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის მედლებით დაჯილდოვდნენ თსუ ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები.
ღონისძიების ბოლოს დოკუმენტური ფილმის (დილოგია) „სათავეებთან“ ჩვენება გაიმართა. ფილმი მიეძღვნა საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების დამკვიდრების პირველ ნაბიჯებს, თბილისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის დაფუძნებას და ამ პროცესში მონაწილე პიროვნებათა ღვაწლს.
1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ტფილისის უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
ახლადდაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი.
1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. დღეს უნივერსიტეტი საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო–სასწავლო დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება. უცხოეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვოს ორმაგი აკადემიური ხარისხი.