2016 წლის 12 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გამართა. ფინალში მონაწილეობა მიიღო ათმა კონკურსანტმა გუნდმა, რომელიც 34 მოსწავლისგან შედგებოდა. გუნდების მიერ წარმოდგენილი პროექტები შეაფასა დამოუკიდებელმა ექსპერტთა კომისიამ. შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველ ადგილზე გავიდა ახალი ლიცეუმისა და აია-GESS-ის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი „სოლარი“ პროექტით - „მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია“. შესაბამისად, გუნდი „სოლარი“ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში (http://www.conradchallenge.org/), რომელიც გაიმართება 2016 წლის 20 - 24 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA Kennedy Space Center), აშშ–ში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის გუნდების პროექტებმა „პროცესორიდან ნეირონამდე“ და „მემბრანული კინემატიკური წყვილებიანი ორიგინალური განშლადი კონსტრუქციის დიზაინი“. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დააჯილდოეს კომპანია Geocell-მა, აჭარა ჯგუფმა და საქპატენტმა. ფინალის მონაწილე ათივე გუნდი სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა კერძო სექტორის მიერ. აღსანიშნავია, რომ კონკურსის მონაწილე ექვს 12-ე კლასელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, კენ უოლშმა გადასცა 50 პროცენტიანი სტიპენდია, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში.
კონკურსანტებს მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
ათასწლეულის ინოვაციის პირველი კონკურსი 2014-15 წელს ჩატარდა და გამარჯვებულმა გუნდმა „მულტიკლიმატიზატორი“ მონაწილეობა მიიღო კონრადის ფონდის ინოვაციების საერთაშორისო სამიტში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.