საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მიერ შექმნილი ეროვნული სამოსი და შესაბამისი აქსესუარები, ფეხსაცმლის და ტყავის, თექის, გობელენის, ხის, მინანქრის ნამუშევრები, ბატიკა და პოლიგრაფიული ნაწარმი.
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, საგამოფენო სივრცეში ასევე მოეწყო ქართულ–ესტონური პროექტის „ესტონეთის საუკეთესო გამოცდილება ქართული პროფესიული განათლების მხარდასაჭერად“ და ევროინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების, ჟურნალების და წიგნების გამოფენა.
გამოფენა დამთვალიერებლებს 16 თებერვლის ჩათვლით, 11 საათიდან 18 საათის ჩათვლით ელოდება. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით იმართება.