საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭოს თავმჯდომარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას.
შეხვედრზე განიხილეს: 2015 წლის წლიური ანგარიში, 2016 წლის სამოქმედო გეგმა, საკონკურსო პროექტების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, გრანტების ეფექტიანობის შეფასების საკითხი.
ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს დიდი საგრანტო კონკურსების შეფასების საერთაშორისო ექსპერტიზისთვის ჩატარებული სამუშაოები და მცირე გრანტების შეფასების მოდელები. ასევე, საბჭოს წევრებს გააცნეს საგრანტო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები, მეცნიერთა მონაცემთა ბაზის განვითარების საშუალებები, შიდა აუდიტის ანგარიში და ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგები.