სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, პარტნიორი უნივერსიტეტების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ბაზებზე, გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა 1688 კვადრატული მეტრის ფართი - მათ შორის 7 სალექციო ოთახი და 2 ლაბორატორია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამუშაოები მესამე პარტნიორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა კენ უოლშმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქიმიის ლაბორატორია დაათვალიერეს, რომელიც არის ნიმუში, თუ რა ტიპის ლაბორატორიებს სთავაზობს სტუდენტებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში. თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიებში პრაქტიკული მუშაობის შედეგად, სტუდენტებს ეძლევათ საქართველოში ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.