საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 8 მარტი პედაგოგ ქალბატონებს ღვაწლმოსილი მასწავლებლის ოჯახიდან მიულოცა. მინისტრი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ყოფილ მასწავლებელს ჟუჟუნა სამხარაძეს სახლში ეწვია, პირადად მიულოცა 8 მარტი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სახელმწიფო ჯილდო „ღირსების ორდენი“ გადასცა.
ქალბატონი ჟუჟუნა სამხარაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში 60 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. კოლეგები მას ახასიათებენ როგორც ნოვატორ, თავისი საქმის ენთუზიასტ და იმპროვიზაციის ულევი მარაგის მქონე მასწავლებელს, რომელიც მუდმივად ეცნობოდა და ნერგავდა სწავლების მეთოდების სიახლეებს და ხშირად მონაწილეობდა კიდეც მათ შემუშავებაში.
აღსანიშნავია, რომ ჟუჟუნა სამხარაძე სწავლების პროცესს მჭიდროდ უკავშირებდა აღმზრდელობით მომენტებს, ქცევის ნორმებს, შრომით ჩვევებს, აღსაზრდელებს უვითარებდა სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობას, წარსულისა და ტრადიციებისადმი პატივისცემას, მომავლის რწმენას და სიახლეების ძიების უნარს.
ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ქალბატონ ჟუჟუნას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის თამარ სანიკიძემ მას მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.