საქართველოს სოლიდარობის ფონდმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფონდის 2015 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. შეხვედრას მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს წარმომადგენლები და დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ როგორც საჯარო ისე, კერძო სექტორის მხრიდან კიდევ უფრო მეტი გააქტიურება, თანხების მობილიზების მიზნით, ფონდს მისცემს საშუალებას განაგრძოს 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება და ხელი შეუწყოს პროგრამების სამომავლო გაფართოებას.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. პირველ ეტაპზე, სოლიდარობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას თუმცა, ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით, სოლიდარობის ფონდი შეძლებს პროგრამების გაფართოებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.
დაფუძნებიდან დღემდე ფონდს 55 000-ზე მეტი საჯარო სამსახურის თანამშრომელი (დაახლოებით 20%), 24 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შემოუერთდა. შედეგად, 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, ფონდში საერთო ჯამში 5.9 მლნ. ლარი იქნა მობილიზებული. უკვე მობილიზებული და ასევე პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, საქართველოს ფონდმა უკვე 220 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა როგორც საქართველოში ასევე, საზღვარგარეთ.
სოლიდარობის ფონდში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი ქვეუწყებების თანამშრომელთა 32%. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და სამინისტრო დაეხმარება ფონდს პერიოდული ანგარიშებისა და სიახლეების გავრცელებაში; ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში; საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებაში. ასევე იგეგმება თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა და სხვ.