შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორსიო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER BV-თან ორწლიანი თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე.
სემინარზე მოწვეულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს: ELSEVIER-ის ბაზაში განთავსებული ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის მთავარმა რედაქტორებმა ვახტანგ კოკილაშვილმა და თენგიზ ურუშაძემ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „მოამბე“ გამომცემელმა ლუდმილა გვერწითელმა და ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სწავლულმა მდივანმა ალექსანდრე დიდებულიძემ.
დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ელსევიერის წარმომადგენლები. SCOPUS-ის შინაარსობრივი პროდუქტის მენეჯერმა, სუზან სტეიგინგამ, ისაუბრა „სკოპუსის“ შინაარსობრივ სელექციასა და პოლიტიკაზე და ELSEVIER-ის კვლევების მართვის მეთოდისტმა, კრჟისტოფ შჟიმანსკიმ - სკოპუსის გამოყენებაზე სამეცნიერო რედაქტორებისათვის.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია „ელსევიერთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების არამედ, შრომების სრული ვერსიების დონეზეც. გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება. ამასთანავე, განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამი წლით აფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.