ერთი ქრომოსომა და ზღვარი, რომელიც რეალურად არ არსებობს - 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის და საქართველოში პლასტიკოს საერთაშორისო ცენტრის თანამონაწილეობით (ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი), საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - მე და ჩემი მეგობარი. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს და მათ მეგობრებს უმასპინძლა. ბავშვების მხიარულ განწყობაზე პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა იზრუნეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლოს მატარებელია, დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით.
წლევანდელი საერთაშორისო სლოგანია „ჩემი მეგობრები - ჩემი გარემოცვა“.
დღევანდელი ბავშვისა და მომავალი ზრდასრულისთვის ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს. წლებთან ერთად, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, აქტივობების, საკანონმდებლო აქტების, საინფორმაციო კამპანიების საფუძველზე, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ბევრი რამ გაკეთდა როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, ისე სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის.
2013 წლიდან, ნებისმიერი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის შესაძლებელი გახდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირება, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად, საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და პროფესიის დაუფლება.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, თამარ სანიკიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სკოლების ადმინისტრაციას და მასწავლებლებს უზრუნველყონ შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებისთვის, რათა მათ თანატოლებთან ერთად მიიღონ შესაბამისი განათლება და იყვნენ სრულად ინტეგრირებული სასწავლო პროცესში.