ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელ იორმუღანლოს სკოლაში 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და მათი დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობდა. რამდენიმე ნაქირავებ შენობაში განთავსებული სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული. ახალი სკოლის შენობა კი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აღჭურვილია ახალი ინვენტარით, აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლას-კაბინეტი. მოსწავლეებმა მინისტრისაგან დაპირებაც მიიღეს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სკოლას თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი შეემატება.
სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ორი სექტორი ფუნქციონირებს - ქართული და აზერბაიჯანული. აზერბაიჯანელი მოსწავლეების ნაწილი ქართულ სექტორზე სწავლას ირჩევენ და მშობლიურთან ერთად, სახელმწიფო ენასაც ხალისით ეუფლებიან.