ტექნოლოგიურ პარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა წარმოადგინა.
განათლების რეფორმა წარმოადგენს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს. რეფორმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას, ემსახურება ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას.
განათლების რეფორმის პირველი ბლოკის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გააცნო.
სიახლის თანახმად, პროფესიულ განათლებაში გატარდება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოკვეთას.
რეფორმის შედეგად შესაძლებელი იქნება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WORK-BASED LEARNING) მიდგომის დანერგვა. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განხორციელებისას ძირითადი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს საწარმოში, ხოლო თეორიული კომპონენტი, ასევე საკვანძო და საბაზო უნარების მოდულები - კოლეჯში.
საჯარო-კერძო პარტნიორობა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება არა მარტო კურსდამთავრებულთა დასაქმებას შეუწყობს ხელს, არამედ - მეწარმეობის განვითარებასაც.