თელავში განათლებისა და დასაქმების მასშტაბური გამოფენა „მომავალი შენია“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კახეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების პროგრამები და სტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქცია.
გამოფენის მიზანი იყო ერთიან სივრცეში თავი მოეყარა თელავის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათი მშობლების, სამუშაოს მაძიებლების, ბიზნესის, დამსაქმებლებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რათა შემდგარიყო დიალოგი მხარეებს შორის და მაქსიმალურად მიეღოთ ინფორმაცია ქვეყანაში პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ასეთი ღონისძიებების მიზანია ხელი შუწყოს საჯარო-კერძო პარტნიორობას და დასაქმებას.
განათლებისა და დასაქმების გამოფენის ეს ფორმატი ეხმიანება იმ ახალ გამოწვევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა პროფესიული განათლების რეფორმის სახით საზოგადოებას სთავაზობს და ეხმარება ყველა დაინტერესებულ მხარეს კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებსა და რეგიონში არსებულ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.
ღონისძიება თელავი-ბიბერახის (გერმანია) პარტნიორობის კომიტეტის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.