საზოგადოებრივ კოლეჯში ,,აისი’’ პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლების როლისა და ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯს ამ დღეს სკოლის მოსწავლეები, მომავალი სტუდენტები, პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მომავალი დამსაქმებლები სტუმრობდნენ, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის „ალაზანჰესის“, კომპანიების „ბრეტის“, „ჯეო ტურიზმის“, „ავანგარდის“, აკურის ღვინის ქარხნის, ტურისტული კომპანია GTS-ის წარმომადგენლები და სხვ. ეს არის იმ კომპანიების მხოლოდ ნაწილი, სადაც საქმდებიან კოლეჯის კურსდამთავრებულები.
ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯის ტერიტორიაზე გამოფენილი იყო სტუდენტების მიერ პრაქტიკული სწავლების პერიოდში წარმოებული პროდუქცია, სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს. ამავე დღეს თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა კოლეჯსა და კერძო კომპანია „ავანგარდს“ შორის, სადაც უკვე დასაქმებულია კოლეჯის რამდენიმე კურსდამთავრებული, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.