საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.
სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისთვის დამოუკიდებელი შემსყიდველი ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების საკითხი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებში შეტანილი ცვლილებების იმპლემენტაციის საკითხი, ასევე, ევროსტუდენტი 2016 - საერთაშორისო კვლევისა და 2016 წლის სამეცნიერო ფესტივალის საკითხები. შეხვედრაზე განიხილებოდა სხვა მიმდინარე საკითხებიც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული რექტორთა საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს სამინისტროსათვის კონსულტაციის გაწევა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით ერთიანი პოლიტიკის გატარებისას და რეკომენდაციების მომზადება საკანონმდებლო აქტებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების დახვეწის საკითხებში.
რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.