აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა და აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდთა გამოფენა დაათვალიერა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 50-მდე ნახატი, თიხის ნაკეთობანი, სხვადასხვა აქსესუარები, პლაკატები. საზეიმო განწყობას ქმნიდა პარაორკესტრის მუსიკოსები. პარაორკესტრში ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და მოზარდი იღებდა მონაწილეობას. მათ დამოუკიდებლად შეასრულეს სხვადასხვა მოუსიკალური ნაწარმოები, დაუკრეს განსხვავებულ ინსტრუმენტებზე, შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრებიც.
თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში 164 მოსწავლე სწავლობს, მათგან 47 აუტისტური სპექტრის მქონეა, ყველა მათგანს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. სკოლაში სსსმ მოსწავლეთათვის შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები. საკლასო ოთახები მოწყობილია ევროპული სტანდარტების შესაბამისად. კლასებში არის საჭირო ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა. საკლასო ოთახები დაყოფილია ზონებად (ინდივიდუალური სამუშაო ზონა, დასვენების ზონა, ჯგუფური მუშაობისთვის განკუთვნილი ზონა) აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებს მოსწონთ მიმზიდველი, ფერადი, სასიამოვნო, მეგობრული, უსაფრთხო საკლასო სივრცე, რომელშიც მათ სწავლის გარდა, შეუძლიათ თავისუფალად გადაადგილება და კომუნიკაცია.
სკოლა ფლობს საკმაოდ ძლიერ მეთოდოლოგიურ ბაზას, მაღალკვალიფიციური პედაგოგები აქტიურად იყენებენ სწავლების ახალ ალტერნატიულ მეთოდოლოგიებს, რომელიც სპეციალურად აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა გათვლილი.
2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასები ფუნქციონირებს, სადაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ. აქ ბავშვები განათლებას განსაკუთრებული მეთოდოლოგიის გამოყენებით იძენენ. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მორგებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. არის გაკვეთილები, რომელიც ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს ამავე სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად უტარდებათ.