საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი დირექტორი ჯენერ ედელმანი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გორის მე-5 საჯარო სკოლას ეწვივნენ და ათასწლეულის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების სასწავლო ბაზის სრული რეაბილიტაცია, საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქცია და სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა განხორციელდება. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს, ხოლო მომავალი ოთხი წლის მანძილზე 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესაბამისად, პროექტის შედეგად გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და განათლებისადმი ხელმისაწვდომობა 41 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის (პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მოიცავს 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს).
პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.