ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროგრამის მიმდინარეობის შესახებ შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. სკოლების მოვლა-პატრონობის პროგრამის ამოცანებზე, მიზნებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა და აშშ-ის მწვანე მშენებლობის საბჭოს წევრმა დიუგუ ერტენიმ და მწვანე მშენებლობის საბჭო-საქართველოს ტექნიკურმა ექსპერტმა ნინო ლაზაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააგენტოების წარმომადგენლები.
უსაფრთხო, ჯანსაღი, სწავლის მასტიმულირებელი და მიმზიდველი გარემო სასწავლო შედეგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინიცირება გაუკეთეს სკოლების მოვლა-პატრონობის და ექსპლუატაციის სისტემის შემუშავების პროექტს საჯარო სკოლებისთვის. სისტემის შემუშავება ხორციელდება სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს საერთაშორისო კონსულტანტი კომპანია „მწვანე მშენებლობის საბჭო“, რომელიც ათასწლეულის გამოწევის ფონდის მიერ განხორციელებული ტენდერის შედეგად შეირჩა.
სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში.