აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ახლადაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
სოფელ სალიბაურის პირველი საჯარო სკოლა გამორჩეულია მოსწავლეთა და მასწავლებელთა აკადემიური წარმატებებით - მასწავლებელთა დიდი ნაწილი სერტიფიცირებულია, ყველა პედაგოგი ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპიადებსა და კონკურსებში და საპრიზო ადგილებსაც იკავებენ. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ახალი სკოლის მშენებლობა. სხვა შემთხვევაში, აჭარის მთავრობისთვის, ამ ეტაპზე, პრიორიტეტული აჭარის მაღალმთიანი სოფლების სკოლების რეაბილიტაცია და აღჭურვაა.
თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ფუქციონირებს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი. სკოლა აღჭურვილია ახალი სასკოლო ინვენტარით.
სკოლის დათვალიერების შემდეგ, სალიბაურის სკოლის პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ მინისტრთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრათ. პედაგოგებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს თითოეულ კითხვაზე და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით.