ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. გარემონტდა უნივერსიტეტის ხუთსართულიანი სასწავლო კორპუსის ძირითადი ნაწილი, განახლდა ფიზიკის ლაბორატორიები, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ზოოლოგიისა და მინერალოგიის კაბინეტები, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა კრიმინალისტიკური ლაბორატორია, კეთილმოეწყო ტელე-სტუდია ჟურნალისტიკის პროფესიული პროგრამისათვის, სტუდენტებისათვის დერეფნებში მოეწყო ე. წ. ღია სივრცეები (ბიბლიოთეკებით, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით, პლაზმური ტელევიზორებით და სხვ.), ასევე განახლდა სპორტული მოედანი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტომატოლოგიური და ფსიქოლოგიური კლინიკებისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილე პროფესორებისათვის სასტუმრო ოთახების მოწყობის პროცესი.
განხორციელებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი გაეცნენ. ამავე დღეს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან.