საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ახალი შენობის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება. რამდენიმე თვეში თანამედროვე სტანდარტების სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი და ბირთვული ინჟინერიის ცენტრი განთავსდება, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმართულებით იმუშავებს და აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით.
ინსტიტუტის არსებული შენობა წლების წინ წინა ხელისუფლებამ გაასხვისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი შენობის გარეშე დატოვა. რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერები სხვადასხვა უნივერსიტეტებში ახორციელებდნენ კვლევებს და პარალელურად, აგრძელებდნენ ბრძოლას შენობის დასაბრუნებლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, ინსტიტუტს ახალი ტერიტორია და შენობა გადაეცა, ასევე გამოიყო სოლიდური დაფინანსება ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია. უნივერსიტეტი CERN-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მოაწყობს თანამედროვე კომპიუტერულ სისტემას Grid Cluster-ს, რომლის რესურსები გამოყენებული იქნება, როგორც ადგილობრივი ამოცანების გადასაწყვეტად, ასევე CERN-ის მიერ, როგორც მისი სისტემის შემადგენელი ნაწილი. Grid და Cloud-ტექნოლოგიების გამოყენებით შესრულებულ მაღალი დონის სამუშაოებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის.
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის რეაბილიტაცია და აღჭურვა იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების განვითარების მიმართულებით ახორციელებს, შედეგად კი - პირველად საქართველოში, კვლევებისა და სწავლების ერთიანი სისტემა ამოქმედდება, შესაბამისი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში თანასწორუფლებიან წევრად ინტეგრაციას.