საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გამარჯვებულთა ნამუშევრები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით შექმნილ ე.წ. „დროის კაფსულაში“ ჩაიდება, რომელიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება.
საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს ფოტოების, ნახატებისა და ესეების კონკურსი შესთავაზა. მიზანს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება, ისტორიული მოვლენების შეფასება და გაანალიზების უნარის გამომუშავება და კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება წარმოადგენდა. მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ თავიანთი ხედვა, როგორი სურდათ ეხილათ საქართველო 25 წლის შემდეგ.
აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა ნამუშევრები ფოტოების, ნახატებისა და ესეების სახით წარმოადგინეს.ფოტო კონკურსი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და კომისიის მიერ გამოვლინდა I, II, III ადგილზე გასული მოსწავლეები, რომელთა ავტორებს დიპლომები და შესაბამისად, 500, 300 და 200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.
ფოტოების კონკურსის გამარჯვებულები არიან:
I ადგილი - მილანა ხითაროვა, XI კლასი, სსიპ - ქალაქ თბილისის №132 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ეკატერინე გაბისონია, XI კლასი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი;
III ადგილი - ირინა გაბისონია, XI კლასი, სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლა.
ნახატების კონკურსი I-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და მათგან კომისიამ 12 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. ავტორებს დიპლომები და 200 ლარის ღირებულების სამხატვრო მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები გადაეცემათ. ნახატების კონკურსში გამოვლენილი 12 საუკეთესო ნამუშევრით, 2017 წლის კალენდარი დაიბეჭდება.
ესეების კონკურსი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და კომისიის მიერ გამოავლენილ I, II, III ადგილზე გასულთა ავტორებ დიპლომები და შესაბამისად 500, 300 და 200 ლარის ღირებულების წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.
ესეების კონკურსის გამარჯვებულები არიან:
I ადგილი - ზაურ წაქაძე XI კლასი, სსიპ - ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლა;
II ადგილი - მარიამ გიორგაძე X კლასი, სსიპ - ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა;
III ადგილი - მარიამ ბოჭორიშვილი VIII კლასი, სსიპ - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა.
აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ, სხვა რჩეული ნამუშევრებიც გამოვლინდა. ესსეების კონკურსის მონაწილე ვართან ვოსკანიანი (XI კლასი, სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის ბედიანის საჯარო სკოლა) ჟიურის სიმპატია გახდა და მას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა საჩუქრად წიგნი გადასცა. კომისიის წევრებმა ასევე გამოარჩიეს ნახატების კონკურსის მონაწილის დავით გრიგოლიას (III კლასი, შპს - თანამედროვე განათლების აკადემია) ნამუშევარიც. მას საჩუქარი სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქეთევან გრიგოლიამ გადასცა.