1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, იუსტიციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიში წარმოადგინა. სამინისტროების წარმომადგენლებმა იმ რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელებიც ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით გატარდა.
პრეზენტაციები წარადგინეს: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ოდიშარიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ.
პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს. ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმას, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციას, ოჯახის გაძლიერებასა და ბავშვთა ძირითადი პრინციპების დაცვას გულისხმობს. ანგარიშში მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასაცავად განხორცილებულ რეფორმებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზეც გამახვილდა ყურადღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელდა. საუბარი შეეხო როგორც ფორმალური ასევე, არაფორმალური განათლების პროგრამებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირების დაცვა / მხარდაჭერას. ლია გიგაურმა განსაკუთრებით გამოყო ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა და ამ მიმართულებით განხორციელებული სიახლეები.
ანგარიშზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ რეინტეგრირებული ოჯახები (სახელმწიფოს ხელშეწყობით ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა), არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექიმები, ჯანდაცვის, იუსტიციის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების წარმომადგენლები;
შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციები: ბავშვი და გარემო; საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი; ვორლდ ვიჟენი და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი;