ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სკოლის მოსწავლეები ბავშვთა უფლებების თემაზე დეპუტატებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვებს სვამენ და პასუხებს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იღებენ.
დღეს ბავშვების შეკითხვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და სხვა მოწვეული სტუმრები პასუხობდნენ.