საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება დღეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ერთ-ერთი რესურსცენტრიდან სკოლების დირექტორებმა მიიღეს წერილი, რომლითაც პედაგოგებს ეკრძალებოდათ მმართველი პარტიის გარდა, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა.
ინფორმაცია სრული და გამიზნული სიცრუეა! მსგავსი შინაარსის წერილი რესურსცენტრიდან არ გავრცელებულა. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ადგილი აქვს შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, განათლების სისტემის დისკრედიტაციის და პოლიტიზაციის მცდელობას.
განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სკოლის პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების. ამ უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რაც კარგად აქვს გაცნობიერებული განათლების სისტემის ყველა მუშაკს.