2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ასოცირებულ უნივერსიტეტებს (ORAU) შორის კვლევითი თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია ORAU-სა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და კვლევითი პოლიტიკის მიმართულებით ამჟამინდელი და მომავალი მიდგომების შესახებ ცნობადობის ამაღლება. მემორანდუმი თანასწორობასა და ერთობლივი სარგებლიანობის პრინციპს ეფუძნება. ორივე ინსტიტუტის საერთო ინტერესია, რომ გაცვალოს ინფორმაცია, გამოცდილება და შეხედულებები მათი საქმიანობის შესახებ, როგორიცაა კვლევების დაფინანსება, მათი შეფასება, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობა და სამეცნიერო კომუნიკაცია.
შეთანხმების საფუძველზე ORAU შეაფასებს, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ფონდის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსში (DI) შემოსულ განაცხადებს და უზრუნველყოფს საკონკურსო პროექტების რეცენზირების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც აისახება შეფასების ობიექტურობასა და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების შერჩევაში.
ზემოაღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს Oak Ridge Associated Universities (ORAU)-ს ვიცე-პრეზიდენტი ტონი ლესტერი ეწვია. ბატონმა ლესტერმა შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, სამინისტროს წარმომადგენლებთან, საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოსა და ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის - საქპატენტის, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა იყო ORAU-ს აქტივობები და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის თანამშრომლების პერსპექტივები.
ვიზიტის განმავლობაში ტონი ლესტერმა ასევე მოინახულა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტო.