პროგრამის - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ინგლისურ, ფრანგულ და ჩინურენოვან მოხალისე მასწავლებლებს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსებში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგებმა და სკოლის დირექტორებმა.
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში, საქართველოს ყოველწლიურად სტუმრობს უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი. მოხალისეები მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო და სათემო ცხოვრებაში. უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის პროცესში კვალიფიკაციას იმაღლებენ ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგები, ასევე ეცნობიან და ნერგავენ ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან პროგრამის არეალი გაფართოვდა და ინგლისურ ენასთან ერთად ჩინური ენის სწავლებაც ხორციელდება. 2013 წლიდან პროგრამის ფარგლებში შემუშავდა შერჩევის ახალი კრიტერიუმები, რომელშიც ერთ-ერთი მთავარია, რომ აპლიკანტისთვის ინგლისური/ფრანგული/გერმანული უნდა იყოს მშობლიური ენა (სწავლების ენის მიხედვით) და განათლებით უნდა იყოს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხის მქონე შემდეგი მიმართულებებით: პედაგოგიკა, დიდაქტიკა, ლინგვისტიკა, უცხოური ენების სწავლების მეთოდოლოგია ან სხვა მომიჯნავე სპეციალობები; ან ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს ნებისმიერ დისციპლინაში და ამასთანავე გააჩნდეს სწავლების გამოცდილება; უნდა გააჩნდეს მაღალი მოტივაცია; ფრანგული და გერმანული ენების მოხალისეობის მსურველი კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე და სხვ.
2014 წლიდან პროგრამის მონაწილეებთან ფორმდება ხელშეკრულება ერთი აკადემიური წლით. 2014 წლიდან პროგრამის ფარგლებში ტარდება ტრენინგები ერთად მოხალისე და ადგილობრივი მასწავლებლებისთვის.
2015 წელს ადგილობრივი მასწავლებლებისთვის ჩატარებული პრეტესტის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა მათი საჭიროებები კონკრეტული მიმართულებით და მასზე დაყრდნობით იქმნება ახალი ტრენინგ მოდული და სხვ. 2015 წლის სექტემბრიდან, საპილოტე რეჟიმში, პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა გერმანულენოვან და ფრანგულენოვან მოხალისე მასწავლებლებს.
ამჟამად პროგრამაში ჩართულია 24 ინგლისურენოვანი, 1 ფრანგულენოვანი და 16 ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებელი. მომავალი სასწავლო წლისთვის, ცენტრში უკვე მიმდინარეობს მოხალისეთა ახალი ნაკადის შერჩევა.