საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროფესიული კოლეჯი „მერმისი“ დაათვალიერეს, სტუდენტებს შეხვდნენ და ჟურნალისტებთან იმ ერთობლივი პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, რომელიც ზრდასრული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებით და ახალი პროფესიის დაუფლებით, მათი დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
დღეს, პროფესიული განათლება და კვალიფიკაციის მიღება ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის. საქართველოს მთავრობამ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია სამუშაოს მაძიებელთა მომზადება/გადამზადება, სამუშაო ადგილებზე სტაჟირება, ამით კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით, მათი დასაქმების ხელშეწყობა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა 68 პროფესია, რომელიც შედის სამუშაოს მაძიებელთა მომზადება/გადამზადების პროფესიათა ჩამონათვალში. ასევე დაამტკიცა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და მათ მიერ განხორციელებადი სასწავლო პროგრამების რეესტრი.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა გამოვლენას, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მომზადება-გადამზადების პროგრამაში. რის შემდეგაც, ბენეფიციარები სხვადასხვა პროფესიებში გადამზადებას გაივლიან.
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერით, რომლის მაქსიმალური ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე, პროფესიის შესაბამისად, 1000 ლარია.
კოლეჯი „მერმისი“ ერთ-ერთია პროგრამაში ჩართულ კოლეჯებს შორის. კოლრჯი ახორციელებს 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის 10 მოდულურ პროგრამას: ფეხსაცმლის და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი, ბუღალტერ-ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი, ოფისის მენეჯერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, მზარეული, მემინანქრე, სტილისტი.
კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებისა და მათი შემდგომი დასაქმებისთვის. ყოველდღიურად იზრდება კოლეჯის თანამშრომლობა კერძო თუ სახელმწიფო სექტორთან. კოლეჯს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი 250-ზე მეტ მცირე თუ, დიდ კომპანიასთან.