27 ივნისს გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის მე-11 მსოფლიო კონგრესი გაიხსნა, რომელიც 1981 წლიდან იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კონგრესი თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ გახსნეს.
კონგრესში მონაწილეობას იღებს ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი ბრაზილიიდან, ასევე მონაწილეობენ - ამერიკული საბჭოების პრეზიდენტი (აშშ), თანამედროვე ენების ასოციაცათა ფედერაციის პრეზიდენტი (დიდი ბრიტანეთი) და გენერალური მდივანი (ავსტრალია), მეცნიერები და სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
მსგავსი ღონისძიება 4 წელიწადში ერთხელ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოსთვის ანალოგიური მასშტაბის მოვლენა იშვიათია. კონგრესის ფარგლებში გაიმართება გენერალური ასამბლეა და მომავალი 4 წლით აირჩევენ პრეზიდენტსა და ახალ პრეზიდიუმს. კონგრესის მსვლელობის დროს დაგეგმილია ვორკშოფები, მასტერკლასები, მრგვალი მაგიდა დოქტორანტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან, რაც აგრეთვე ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას თანამედროვე ინტერდიციპლინარულ სამეცნიერო კვლევებში. კონგრესი 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
,,ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება, რომელსაც საქართველოში მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონგრესის ფორმატში გაიმართება უამრავი შეხვედრა, ვორქშოფი, სემინარი. გაიმართება მასტერკლასები, ღია ლექციები და მონაწილეებს ახალგაზრდა მეცნიერებს, მკვლევრებსა თუ სტუდენტებს ექნებათ საშულება შეხვდნენ ცნობილ ფსიქოლინგვისტიკის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან,’’ აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.