შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელების წესთან დაკავშირებული დოკუმენტი განიხილეს.
დოკუმენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მომზადდა და იგი საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმდინარეობის პროცესებს დაარეგულირებს, აღწერს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მოხსნის მიზნით შეფასების პროცედურებს, ასევე სკოლების, მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.
ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო პრეზენტაციაზე წარმოდგენილ შენიშვნებს და რეკომენდაციებს განიხილავს და ასახავს დოკუმენტში, რომელიც შემდგომში მინისტრის საკანონმდებლო აქტით დარეგულირდება.
დოკუმენტის შემუშავებაზე იმუშავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო სხვადასხვა ორგანიზაციები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, სპეც მასწავლებლები და მულტიდისციპლინური გუნდის წევრები.