საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოზარდი სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მთავარი თემა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ტრანზიცია სკოლიდან პროფესიული განათლების სისტემაში და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება იყო. შეხვედრაზე განხილული იქნა ის შესაძლებლობები, რასაც სამინისტრო სკოლის შემდგომი განათლების უზრუნველყოფისთვის სთავაზობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.
კონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, როგორ უნდა მიეცეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი არჩევანის უფლება. ყურადღება გამახვილდა მათი ინტერესების პატივისცემაზე და ამ პროცესებში მშობლის როლზე.
მშობელთა კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა მშობლის როგორც შვილის უფლებადამცველის როლზე. განხილული იყო მშობლის ეფექტური კომუნიკაციის გზები სამთავრობო და სხვა სტრუქტურებთან, რათა მათ შეძლონ საკუთარი შვილის უფლებებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
კონფერენციას ესწრებოდნენ მშობლები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან, ჩართულნი იყვნენ მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, რომელთაც განათლების მიღებისა და დასაქმების საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე პირებს. პარალელურად გაიმართა სოციალური საწარმო „ბაბალეს“ ნამუშევრების გამოფენა.