კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს («ირმის ნახტომი”), ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით იმართება. მასში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
კონკურსი III-ტურიანია და მისი მიზანია მოსწავლეთა შორის ინგლისური ენის ცოდნისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების გამოყენების ხარისხის დადგენა და საუკეთესო ,,ლინგვისტის” გამოვლენა.
კონკურსის მოთხოვნებია: ინგლისური ენის ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად (კლასების მიხედვით), კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობა, ტექსტის აკრება ონ-ლაინ რეჟიმში, პირადი ელ-ფოსტის არსებობა, ვებ-გვერდზე რეგისტრაცია www.moazrovne.17school.ge.
2010 წლის 1 მარტს დასრულდა კონკურსის I ეტაპი. რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ქარელი, ზესტაფონი, საჩხერე, ბათუმი, სამტრედია, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ტყიბული) 280-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
22 მარტს ქუთაისში №17 საჯარო სკოლაში II ონლაინ ტური გაიმართა, მასში მონაწილეობა I ტურში გამარჯვებულმა 213 მოსწავლემ მიიღო, მათ დავალება ი.ს.ტ. ტექნოლოგიების გამოყენებით საკანცელარიო რესურსების გარეშე შეასრულეს.
კონკურსის III დასკვნითი ტური აპრილში გაიმართება და მასში ყველა ის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ვინც წარმატებით გაივლის მეორე ტურს. გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკით დაჯილდოვდებიან.