პედაგოგებთან შესახვედრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, კახეთის რეგიონს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი სამუშაო შეხვედრა საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლაში საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან გამართა.
მინისტრი თავის ვრცელ სიტყვაში ზოგადი განათლების ბევრ მნიშვნელოვან თემას შეეხო, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და იმ ინიციატივებზე, რაც სკოლას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის როგორც მოსწავლეებისთვის ისე, მასწავლებლებისთვის.