თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფარგლებში კულტურული და საგანმანათლებლო დიპლომატიის განვითარებისა და დიასპორებთან თანამშრომლობის საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.
ზემოაღნიშნული სესიის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრა გამართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ „ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მრავალ ქვეყანასთან და ეს არის შედეგი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობისა.
მინისტრი თავის სიტყვაში შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებს, რომელიც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების (STEM) მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ალექსანდრე ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ჰორიზონტი 2020-ის პოლიტიკის მხარდაჭერის მექანიზმის (Horizon2020 Policy Support Facility) გამოყენებით და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლითი პროგრამები და ამ მიმართულებით აუცილებელია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მხარდაჭერა. შეხვედის ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავამ დიპლომატების შეკითხვებს უპასუხა.