22.03.2010
თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში პროექტში ”მომავალი შენია” გამარჯვებულ მოსწავლეებს კომპიუტერები, სხვა ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. საზეიმო ვითარებაში მოსწავლეებს საჩუქრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „წამის“ პრეზიდენტმა ზაზა კორინთელმა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა გადასცეს. დაჯილდოვების შემდეგ, ჯგუფ "ზუმბალენდისა" და ფოლკლორულ ანსამბლ "ჩვენებურების" ახალი მუსიკალური პროექტის "ასტროჯორჯია" პრეზენტაციით, სკოლაში დასკვნითი კონცერტიც გაიმართა.
პროექტი „მომავალი შენია“ დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ლექცია-სემინარები ჩაუტარდებათ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა, შრომის პატივისცემა, ყოფითი კულტურა, ბუნების დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოება. ლექციების დასრულების შემდეგ, თითოეულ სკოლაში კონკურსანტებს ერთი კვირა ეძლევათ საინტერესო თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად. კონკურსში მონაწილეობის ფორმები და გამოხატვის საშუალებები თავისუფალია (ფოტო, წერილობითი, სახვითი და სხვ). სამუშაოს შესრულების შემდეგ სკოლებში სხვადასხვა ნომინაციაში კონკურსი ჩატარდება და გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდებიან. გაიმართება ასევე დასკვნითი კონცერტები თანამედროვე და ფოლკლორული მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით. ამასთან, დამზადდება სტენდები, რომლებიც სკოლის არქივს საჩუქრად გადაეცემა.
სასწავლო წლის ბოლოს, გამარჯვებული ბავშვებისათვის საზაფხულო სოციალური ბანაკი მოეწყობა. მოსწავლეებს არა მხოლოდ ლექცია-სემინარები და ტრენინგები ჩაუტარდებათ, ისინი სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, ლაშქრობებსა და შეჯიბრებებშიც მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის დასრულების შემდეგ, მომზადდება პროექტის შემაჯამებელი ჟურნალი, რომელშიც საუკეთესო ნამუშევრები და პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები შევა.