სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქართულ-ამერიკულ „მომავლის სკოლას“ უნგრეთის მთავრობა ფინანსურ დახმარებას გაუწევს. შეთანხმებას ხელი დღეს მომავლის სკოლის დირექტორმა, რაიან არნერმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ მოაწერეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და თბილისის მერი დავით ნარმანია. შარვაშიძის განმარტებით უნგრეთის მთავრობის ასეთი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
გიორგი შარვაშიძემ იმ სასტიპენდიო პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც 2014 წლიდან უნგრეთის მთავრობა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს და რომლის დახმარებით, ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქართველი სტუდენტი მიემგზავრება უნგრეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სრული დაფინანსებით. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქართველი უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებების წარმატებულ თანამშრომლობას პატრნიორ უნგრულ სასწავლებლებთანაც და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში უნგრელი და ქართველი მეცნიერები კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ და ერთობლივად მიიღებენ ერთიან ევროპულ კვლევებში მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ „მომავლის სკოლის“ შენობა და ინფრასტრუქტურა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ სრულად გაანადგურა. თბილისის მერიამ სკოლას სანაცვლოდ საკუთრებაში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გადასცა მიწა, სადაც სკოლა საკუთარი სახსრებით ააშენებს ახალ შენობას, რომლის ტექნიკურ აღჭურვასაც, მათ შორის ლაბორატორიების და ბიბლიოთეკის მოწყობას, უნგრეთის მთავრობა უზრუნველყოფს.