მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით, საქართველოში იორდანიის მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციას იორდანიის ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი მოჰამად თნეიბათი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მხარდაჭერას გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) ახორციელებს. საპატიო სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი შეხვდნენ.
დელეგაციას ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან. სამუშაო შეხვედრები გაიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრსა და აჭარის განათლების სამინისტროში. იორდანიის განათლების სამინისტრო ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების რეფორმების მიმართულებით საქართველო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გლობალური ლიდერი. „გასულ წლებში საქართველომ გაიარა საკმაოდ დინამიური და ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესი განათლების სფეროში. ეს პროცესი მიმდინარეობდა იორდანიის მსგავს პირობებსა და კონტექსტში, ამდენად ჩვენი სურვილია განხორციელდეს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით და დაისახოს სამომავლო თანამშრომლობის გზები ორ ქვეყანას შორის“ - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.
ვიზიტის მიზანია საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური კურსების გაცნობა და შეფასება, აღნიშნული რეფორმების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლისა და ფუნქციების შესწავლა, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და მისი კომპონენტების გაცნობა.