საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ადმინისტრაციისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
ზურაბ ვადაჭკორიამ მინისტრს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიღწევები გააცნო. ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის დაწესებულ მაღალ ბარიერზე და მიუხედავად ამისა, კონკურსის მაღალ მაჩვენებელზე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ რიცხვზე და უცხოეთიდან აქ სწავლის მსურველთა მზარდ მოტივაციაზე.
ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ თსსუ-ის მიღწევები თვალსაჩინოა და ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა. მინისტრმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო საკუთარი ხედვა განათლების სისტემასთან დაკავშირებით.