საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.
ამ ეტაპზე პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ბიბლიოთეკის განახლება მიმდინარეობს. დაინერგა სხვადასხვა ინოვაციური სამეცნიერო სერვისი და შემუშავდა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოს უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომელიც არამხოლოდ წიგნების საცავს ან ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილს, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეს წარმოადგენს.