საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილე მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ „ინგლისური ენისა“ და „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა“ საზაფხულო სკოლებში, რომელსაც ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს.
საზაფხულო სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესტუმრა და პირადად გაეცნო მის მიმდინარეობას, სისტემას და იმ სამეცნიერო ექსპერიმენტებს, რომელიც საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდა, ასევე, საზაფხულო სკოლის მსვლელობისას, მოსწავლეთა მიერ შექმნილ სხვა ნამუშევრებს, რის შემდეგაც ალექსანდრე ჯეჯელავა ინგლისური ენისა და სამეცნიერო საზაფხულო სკოლების მონაწილეებს (სულ 275 მონაწილე) შეხვდა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, სადაც მოსწავლეების აზრის გამოთქმისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელები, რომლებმაც წარმატება მოიპოვეს 13 საგნობრივ ოლიმპიადასა და სხვადასხვა კონკურსებში. ორას მოსწავლიან, 3-3 კვირიან 3 ნაკადში მონაწილეობას ჯამში 600 მოსწავლე იღებს, საიდანაც, დამატებით ირჩევა 36 მოსწავლე (12 თითოეული ნაკადიდან) და მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში 2 კვირიან ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში.
სამეცნიერო საზაფხულო სკოლის მონაწილეები არიან 2015-2016 წ.წ. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში - ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში საუკეთესო შედეგების და ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩატარებული კონკურსების საფუძველზე შერჩეული მე-10, მე-11 კლასების 75 მოსწავლე. საზაფხულო სკოლის ხანგრძლიობაა 18 დღე.
სკოლის დასრულებისთანავე 75 მონაწილიდან, საგნების მიხედვით (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები), შეირჩევა საუკეთესო შედეგების მქონე 12 მოსწავლე, რომლებიც გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ შვეიცარიაში, CERN-ში (ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრი) დაგეგმილ 5 დღიან ექსკურსიაში.
„ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საზაფხულო სკოლის“ 75 მონაწილიდან, ასევე საგნების მიხედვით (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა) შეირჩევა საუკეთესო შედეგების მქონე 18 მოსწავლე. გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში დაგეგმილ 3 დღიან ექსკურსიაში.