ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული, საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
აჭარის მთავრობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიიღო.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აჭარაში, რომლის მიზანიც რეგიონის გრძელვადიანი განვითარებაა. პრიორიტეტული მიმართულება ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში განათლების და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ყველა სოციალური პროექტი იგეგმება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის, მიზნობრივი პროგრამების, აჭარის განათლების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ჩართულობით.